მწყემსობიდან სათეატრო ჟურნალის რედაქტორობამდე
იოსებ
იმედაშვილი დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს
XIX
საუკუნის მეორე ნახევრისა და
XX საუკუნის დასაწყისის ქართული სათეატრო ჟურნალისტიკა გამოირჩევა
არნახული გულწრფელობით, ობიქტურობით და პირდაპირობით. „ივერია“, „დროება“, „ცნობის
ფურცელი“... ილია, აკაკი, სერგეი მესხი და სხვანი, ბევრს წერდნენ თეატრზე,
სპექტაკლებზე, მსახიობებზე. თეატრისთვის უამრავი რამ უკეთებია იოსებ იმედაშვილს,
ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელს, რომელსაც დღეს 140 წელი
უსრულდება.
უდიდესი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა:
„იმედაშვილს რომ დავინახავ ან გავიხსენებ ხოლმე, ძალაუნებურად მაგონდება ქვაშვეთის
ქუჩა, ბუკინისტების რიგი და იმ რიგში ერთი პაწაწინა ქოხი. იმ ქოხში ზაფხულში უფრო
ცხელა, ხოლო ზამთარში უფრო ცივა, ვიდრე გარეთ. წიგნებში ჩამძვრალი იოსებ
იმედაშვილი რიჟრაჟიდან დაღამებამდე თავჩაღუნული ზის დახლის უკან და გამალებით
მუშაობს. ვითომ წიგნებითაც ვაჭრობს, მაგრამ... მუშტრების მაგივრად უფრო
ნაცნობ-მეგობრები ეხვევიან და ხელს უშლიან, ხოლო მუშტრისთვის სოსოს არ სცალიან,
ამიტომ არც მუშტარს სცალია ახირებული „ვაჭრისთვის“. მუშტარი რომ შემოვა, უცნაური
„ვაჭარი“ და მწიგნობარი თავს ძლივს ასწევს, პასუხსაც ძლივს აკადრებს, ზოგჯერ კი
არც ამისთვის სცალიან... კვლავ ჩრჩილივით ჩაუჯდება ქაღალდებს.“ შეღამებისას იოსებ
იმედაშვილი თავის დუქანს დაკეტავდა და სახალხო სახლში ან მურაშკოს თეატრში
მირბოდა, როლის სათამაშოდ.
იოსებ
იმედაშვილი ბავშვობაში მწყემსი იყო. ჭაბუკობაში ზეინკალი, მერე სცენისმოყვარეთა
წრის ხელმძღვანელი, ხელნაწერი ჟურნალის რედაქტორი, საუბნო წარმოდგენების მონაწილე,
ბუკინისტი, სცენისმოყვარეთა პირველი ოფიციალური სპექტაკლის რეჟისორი, მეფის
რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოემების ავტორი, ლექსიკოლოგი, სოფელ ხაშმის
არჩევითი მამასახლისი (1905 წელი); მეტეხის ციხის ხშირი პატიმარი, ქართული თეატრის
მსახიობი, დრამატული საზოგადოების მდივანი, ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“
რედაქტორ-გამომცემელი, უებრო ორატორი....
ხანში
შესულს, ერთხელ სვანეთში მიეჩქარებოდა ლექციების წასაკითხად. თეთრი წვერით, ქართული
თექის ქუდით და ხელჯოხით რუსთაველზე მდებარე აეროფლოტის სალაროს გაღებას
ელოდებოდა. თვითმხილველი შეწუხებულა - ამ ასაკში თავს უნდა გაუფრთხილდეო. იოსებ
იმედაშვილს უპასუხია: „იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი, რომ ერთი საუკუნე
არ მომჭარბდება. სამკალი ბევრია, მომკელი კი ნაკლები. უნდა გავაცნო ჩვენს ხალხს
ბრძოლებით სავსე მისი წარსული, გმირული აწყმო.“
როგორ გამოსცეს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“
ჟურნალი
„თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-20, 1923-26 წლებში. ჟურნალი გამოსცა
ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნდა არც პოლიგრაფიული ბაზა, არც ქაღალდი, არც ბინა
რედაქციისთვის, არც თანამშრომლები ჰყავდა და არც საჭირო თანხა ჰქონდა.
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი იხსენებს იოსებ იმედაშვილის ნაამბობს:
„ერთი აზრი ამეკვიატა - განვიზრახე სათეატრო ჟურნალის გამოცემა. ვიცოდი ჩემი
ბუნება: თუ რაიმე აზრი დამებადებოდა, ნემსის ყუნწში გავძვრებოდი და უნდა
შემესრულებინა. გროშ-კაპიკი არ მქონდა. ბედად შევხვდი მიტროფანე ლაღიძეს. ჩემი
ზრახვანი გავუზიარე. დაინტერესდა და ორასი მანეთი მასესხა. აი, ამ თანხით დავიწყე
საქმე და როგორც იცი, 15 წლის მანძილზე ვცემდი ჟურნალს.“
იოსებ
იმედაშვილმა დაარსა „თეატრი და ცხოვრება“ და მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო.
ყოველკვირეულ თეატრალურ-ლიტერატურულ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: შალვა დადიანი,
კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, იოსებ გრიშაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო
ახმეტელი და სხვანი. ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის
ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე,
მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, ლიტერატურული და
იუმორისტული ხასიათის წერილები, კარიკატურები.
ჟურნალის კარი ყველასთვის ღია იყო
ჟურნალში
აკაკის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა საამაყო პოეტების გვერდით უცნობი პოეტების
ნაწერებიც ქვეყნდებოდა. დიდ მსახიობთა პორტრეტებთან სცენისმოყვარეთა სურათებიც
იბეჭდებოდა. გამოჩენილ საზოგადო მოღვაწის გვერდით კი, რომელიმე მივარდნილი სოფლის
სამკითხველოს გამგის პორტრეტს იხილავდით. პირველი მსოფილო ომის დროს ქართველი
რიგითი მეომრების სურათებიც უხვად იყო.
1925 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ საიუბილეო ნომერი გამოვიდა.
მიხეილ
ჯავახიშვილი წერდა: „...იოსებ იმედაშვილი ჩემი ქართულის ნათლიაა. რუსეთიდან რომ
დავბრუნდი, ვაღიარებ ჩემ სირცხვილს - ქართული ნაკლებად ვიცოდი. ბედმა იმედაშვილის
წიგნის დუქანში შემიყვანა. მოვითხოვე ქართული წიგნები. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ.
იმ დღიდან ხშირი სტუმარი გავხდი მისი დუქან-სამკითხველოსი. სანამ „ცნობის
ფურცელში“ დავიწყებდი მუშაობას, ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო. პირველად
მან წაიკითხა ჩემი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ და იმანვე გამაგზავნა „ცნობის
ფურცელში“.





No comments:
Post a Comment